15 წლის გოგონა ბიცოლამ მოიტაცა [video]

2021-01-13 00:07:49

15 წლის გოგონას გატაცების საქმეში ბრალდებული 3 პირი პატიმრობაში დარჩა, 1 კი 7 000 ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. წინასასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. [ვიდეო/video]

როგორც საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია სასიძოს დედის ბიძაშვილის ცოლი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, 27 წლის მამაკაცი, დედამისი და კიდევ ერთი ქალი კი პატიმრობაში რჩებიან.

"სასიძო, დედამისი და ბიჭის ბიცოლა დარჩნენ პატიმრობაში, ბიძაშვილის ცოლი კი, რომელსაც მირეწლოვანი შვილები ჰყავს და ზრდის ობოლ მაზლიშვილს, იმ საფუძვლით, რომ პატრონი არ ჰყავდათ ამ ბავშვებს, საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა", - განაცხადა პროკურორმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გოგონა სახლში 7 წლის ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ოჯახის უფროსი წევრები კი დაკრძალვაზე იყვნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გამტაცებლებმა შინ მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც გაიგეს, რომ მოზარდის მშობლებმა პოლიციაში იჩივლეს.

სასამართლო პროცესის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ოჯახები შერიგდნენ და გამტაცებლებს აღარ უჩივიან, თუმცა საქმეზე ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გავრცელებული ინფორმაციით, შერიგების მიზეზი, მათი ახლო ნათესაური კავშირი გახდა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდის მამის განცხადებით, ის წინააღმდეგია, გოგონა 15 წლის ასაკში დაქორწინდეს.

როგორც თანასოფლელები ყვებიან, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI