"მათ არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება"

2020-12-03 18:31:57

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა, საკითხი, რაზეც დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქებას.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას.

ტესტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ეს ადამიანი კარანტინის ნაცვლად 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, მათ არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება.

„მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის სასტუმროში გადაყვანას“, - დასძინა ბერდია სიჭინავამ.