რისთვის ჯარიმდებიან მძღოლები ყველაზე ხშირად ქვემო ქართლში

2020-10-17 13:09:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მე-2 კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აპრილში, მაისსა და ივნისში, ქვეყნის მასშტაბით სულ 550 506 სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის 34 227 ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

"ინფო რუსთავი" უწყების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ 10 დარღვევას, რისთვისაც ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ მძღოლები ქვემო ქართლში.

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 20 025 სამართალდარღვევის ფაქტი

2. ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია" მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 3535 სამართალდარღვევის ფაქტი

3. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 1944 სამართალდარღვევის ფაქტი

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 1746 სამართალდარღვევის ფაქტი

5. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 1352 სამართალდარღვევის ფაქტი

6. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 1143 სამართალდარღვევის ფაქტი

7. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - 706 სამართალდარღვევის ფაქტი

8. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა - 610 სამართალდარღვევის ფაქტი

9. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება - 549 სამართალდარღვევის ფაქტი

10. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა - 341 სამართალდარღვევის ფაქტი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI