ორი ადამიანი მოკლეს

2020-09-15 18:50:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყაზბეგში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა, რომელმაც მამის მკვლელობის გამო შური იძია.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით",- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI