ბაჩალიაშვილის ავტომობილიდან ელექტროშოკი ამოიღეს

2020-07-31 21:50:15

თამარ ბაჩალიაშვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა - ამის შესახებ გადაცემა “პოლიტმეტრში” გარდაცვლილი 23 წლის გოგონას დედამ განაცხადა.

ბაჩალიაშვილის დედის ინფორმაციით, გოგონამ თავდაცვის მიზნით ელექტროშოკის შეძენა მამას სთხოვა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის ცნობილი არ იყო, აღმოაჩინეს თუ არა აღნიშნული ელექტროშოკი გოგონას მანქანაში, მოგვიანებით კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პოლიციაში ბაჩალიაშვილის დედას უთხრეს, რომ ელექტროშოკი ავტომობილში ნაპოვნი იქნა.

გარდა ამისა, გარდაცვლილი გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი „პოლიტმეტრთან“ ყვება, რომ თამარს სახლიდან გამოსვლისას შავი ფერის, ავტომობილში პოვნისას კი თეთრი ფერის მაისური ეცვა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

ქალი, რომელმაც ბაჩალიაშვილი საკუთარი სახლთან გოლთეთში ნახა, თეონა თამაზაშვილს უყვება, რომ გოგონას თეთრი ფერის მაისური არ ეცვა.

„რა ფერი ეცვა არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თეთრი არ იყო“, - ამბობს ადგილობრივი.

გარდაცვლილი გოგოს ადვოკატიც ადასტურებს, რომ თამარი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი თეთრი ფერის მაისურით ნახეს.

RUSTAVI