"უნდა გადავტეხოთ ეს აზროვნება"

2020-07-31 17:19:45

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, საკარანტინე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. ადგილორბივ მოსახლეობასა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს შორის მოლაპარაკება შედგა.

აქციის მონაწილეები, საკარანტინე ზონას იმ პირობით დაუბრუნდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ შეზღუდვების სიმძიმეს გარკვეულწილად შეუმსუბუქებს, თუმცა, სოფლისთვის საკარანტინე ზონის სტატუსის მოხსნა, რეხვიაშვილის ინფორმაციით, უმოკლეს ვადებში ვერ მოხდება.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა საპროტესტო აქციის დასრულებისა და სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ მიზნით, რომ მოსახლეობას პროდუქციის რეალიზების საშუალება სურვილისამებრ მიეცეს, გარკვეული მეთოდი შემუშავდება.

"ადგილორბივი მოსავალი დისტრიბუტორებს ორგანიზებულად გააქვთ, თუმცა მოსახლეობას აქვს უკმარობა იმისა, რომ პროდუქტს დაბალ ფასში აბარებენ. მათ დავპირდით, რომ დაახლოებით 10 სატვირთო ავტომანქანას სოფლის დატოვების საშუალება მიეცემა. ადგილობრივები ჩააბარებენ სწრაფ ტესტს, პატრული გააცილებს მათ ბაზარში და პროდუქტის რეალიზაცია მოხდება ისე, როგორც მათი სურვილია", - აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

გარდა ამისა, რეხვიაშვილის თქმით, ადგილორბივი ხელისუფლება, პირველ ეტაპზე, სოფელში დასახლებულ 85 სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათით დაეხმარება. რაც შეეხება სოფლის გახსნას, გუბერნატორი ამბობს, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ ვირუსის 2 კვირიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება.

"ხალხი ვერ მუშაობს, შეუმცირდათ შემოსავლები და მოკლე ვადაში უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევა. დაახლოებით 85 სოციალურად დაუცველი ოჯახია სოფელში, პირველ რიგში მათ, ვისაც ეკონომიკური გაჭირვება აქვს, სასურსათო პროდუქტებით დავეხმარებით. მინიმალური ვადა, არის 2 კვირიანი საინკუბაციო ვადა, რომელმაც უნდა მოგვცეს სურათი, როგორ დავაჩქაროთ პროცესები სოფლის გახსნასთან დაკავშირებით",  - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, მასობრივი ტესტირების პროცესი ყარაჯალარის მოსახლეობის ვირუსისადმი დამოკიდებულების გამო დროში გაიწელა და ადგილობრივები უნდა წამოვიდნენ თანამშრომლობაზე აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად. 

"ვეცდებით, რომ გადავტეხოთ ეს აზროვნება და თუ იქნება მზაობა,  2 დღში შესაბამისი რაოდენობის ეპიდემიოლოგების ჯგუფი შემოვა სოფელში და იქნება მასიური ტესტირებები, თუმცა აქ არის ბევრი კითხვა და გაურკვევლობა, ხომ ჩავაბარეთ, რა საჭიროა მეორედ ტესტის აღება და ა.შ.", - აცხადებს რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, ყარაჯალარის მისადგომებთან საკარანტინე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე მაღალი იყო ეპიდემიოლოგიური რისკი.

ყარაჯალარში უკვე მერვე დღეა, რაც მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

RUSTAVI