რატომ ვეღარ აიღებს 17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას

2020-07-15 13:42:46

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით 17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს.

კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. ცვლილებაზე შსს-ს მომსახურების სააგანეტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მუშაობს.

„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“,- ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე გაგრძელდება.