რა შეზღუდვები იხსნება 1 ივნისიდან

2020-06-01 11:33:40

დღეიდან, 1 ივნისიდან ღია სივრცის რესტორნები, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას  ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

სავაჭრო და კვების ობიექტებში მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ რესტორნებში ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანს შეეძლება დაჯდომა.

„რესტორნებს რაც შეეხება, იზღუდება ის, რომ მაგიდებს შორის უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია. საკმის საზურგეებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ერთ მაგიდასთან არა უმეტეს, 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ბაზრებში უნდა მოხდეს ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა და უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ასევე, სავალდებულოა, რომ ე.წ. დახლებთან მოეწყოს დროებითი დამცავი ბარიერები“, - განაცხადა ფერაძემ.

8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სასტუმრო და აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.