მოგზაურს ველოსიპედი 25 იანვარს მოპარეს [video]

2020-01-28 17:16:15

პოლიციამ თბილისში ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა. [video/ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.

მიმდინარე წლის 25 იანვარს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს საკუთარი ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა გაჩერებული. მეპატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და 2 ჩანთა.
შეტყობინების მიღებისთანავე, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის ღონისძიებებს.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს და თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი ველოსიპედი 2 დღის წინ აჩუქეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვივიშვილი ფეისბუკზე გაავრცელა.

“ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმარს ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა”, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

კერძოდ, კემპბელმა საჩუქრად მიიღო ველოსიპედი Bikes.ge-სგან, ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri , ტრადიციული ქართული ვახშამი და 2 ღამე ჰოსტელში Fabrika.