"ეს ხალხის მასხრად აგდებაა" [video]

2020-01-28 15:46:27

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მზიანეთში დასახლებული პუქტიდან მოშორებით "სკვერი" მოეწყო. [ვიდეო/video]

დასასვენებელი სივრცე, ნაკელის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ძროხების სადგომთან არის მოწყობილი, სადაც 5 სკამი და 2 სავარჯიშო კონსტრუქციაა დამონტაჟებული.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია მოსახლეობასთან შეუთანხმლებლად შეირჩა. მათი თქმით, მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნული მონაკვეთი გაიწმინდება, შემოიღობება და ხეები დაირგვებოდა, თუმცა 6 თვეა არავინ გამოჩენილა.

"ამ სანაგვეზე, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჯერ უნდა გასუფთავებულიყო ეს ტერიტორია და მერე უნდა გაკეთებულიყო. გათვალისწინებული იყო სკვერი და შემოღობილი უნდა ყოფილიყო. ეს მასხრად აგდებაა ხალხის, რომ არ გაეკეთებინათ ჯობდა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"ინფო რუსთავის" პირდაპირი ჩართვისშემდგედ, ადგილზე დასუფთავების სამსახურის, 1 თანამშრომელი გამოუშვეს, რომელმაც რამდენიმე ცელოფანი აიღო, ნაგვის ურნაში ჩააგდო და მალევე წავიდა.

არსებული ინფორმაციით, სივრცის მოსაწყობად 11 216 ლარი გამოიყო. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ამბობენ, სოფელში არის სასმელი წყლის, გზის, საკანალიზაციო სისტემის, ნაკვეთების დაკანონების და გარე განათების პრობლემა, თუმცა ხალხის მოთხოვნა მერიამ არ გაითვალისწინა და თანხა სხვა მიმართულებით გამოიყენა.

"ინფო რუსთავი" კომენტარის გასაკეთებლად, ქალაქის მერს, რამაზ ბუდაღაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით გარდაბნის მერიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ: - "მოსასვენებელი სკვერი 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მზიანეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა და ადგილმდებარეობაც მათი გადაწყვეტილებით შეირჩა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრში მდებარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არსებობს შესაბამისი კრების ოქმებიც."

განცხადებაში ასევე წერია რომ სკვერის ადგილმდებარეობა განზრახ არის გადაღებული ისეთი რაკურსით რომ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ვიდეოს სადაც კარგად ჩანს მოსასვენებელი სივრცის ზუტი ადგილმდებარეობა. ნახეთ ვიდეო და თავად შეაფასეთ.