ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდება

2020-01-29 13:21:45

საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან ერთად, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.

საქართველოს მთავრობის წევრების განმარტებით, ეს ვირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე პრევენციული ზომებია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმადე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს“, - ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.