გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

2020-01-27 13:42:41

მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, 4 იანვარს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვარს დაფიქსირდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც.თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით”, - აცხადებენ საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.