სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

2020-01-20 18:23:00

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

უწყების ცნობით, დანამატებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად დაზარალებულები მიიღებენ.

კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით; კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების (ანოფთალმი/სიბრმავე) მქონე პირებს - 600 ლარის ოდენობით; სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს - 250 ლარის ოდენობით; სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს - 200 ლარის ოდენობით.

„ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.