ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება

2019-11-21 15:40:26

კანონში შესაძლოა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დაზუსტდეს. ცვლილებას "შრომის კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა, შემდეგ კი მისინი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

კანონპროექტით, ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ აღემატება 3 საათს, კვირის განმავლობაში 8 საათს.

ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. ნორმირებული სამუშაო დრო კი კვირაში მაქსიმუმ 40 საათია, დღის განმავლობაში კი, 8 საათი.

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნომირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ისა.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა მოხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.