დაკავებულია 3 პირი

2019-06-12 11:09:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავა. კერძოდ, საქმე ეხება მეტრომანის ბარათების "დაჰაკვას".

სუს-ის ინფორმაციით, 2 ბრალდებული მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით მოქალაქეების მეტრომანზე თანხის ჩაურიცხავად ასახავდნენ ბალანს. მათი თქმით, მესამე პირი უზრუნველყოფდა მოქალაქეების მოძიებას.

უწყებაში ამბობენ, რომ დაჰაკული მეტრომანებით მოქალაქეები იხდიდნენ მგზავრობის საფასურს მეტროში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებში და საბაგიროზე. მათივე თქმით, მიკროავტობუსის მძღოლთა ნაწილი ამ ბარათებს დღიური გეგმის შესასრულებლადაც იყენებდა.

სუს-ის განცხადებით, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის 

მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. მათი თქმით, ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა, როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, უწყებაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების საქმეებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

RUSTAVI