ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიაში

2019-05-22 18:43:48

იტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა.

შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაიღუპა 40 წლის ქალი. ის, სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად წვიმის შემდეგ სველი ასფალტი სახელდება. ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა.

საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ. ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა.