ახალი კანონპროექტი

2019-05-25 14:29:49

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი დაუჭირა ქალთა მიმართა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში შესატან რიგ ცვლილებებს.

პროექტის მიხედვით, სკოლები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.

კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის თანამშრომელი შეაფასებს ძალადობის განმეორების რისკებს და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

გამოსცემს შემაკავებელ ორდერს;

ან არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

თუ ინციდენტის შესწავლის შემდეგ არ გამოიკვეთება შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი საფუძველი, თუმცა შეიძლება არსებობდეს ძალადობის განმეორების რისკი, პოლიცია ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა, გადაამოწმოს არსებული მდგომარეობა და ინფორმაცია ასახოს ოქმში.

"ინციდენტის შემდგომი მდგომარეობის გადამოწმების მექანიზმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციის ეპიზოდური ჩართულობა შეიცვალოს პროცესზე დაკვირვებისა და განგრძობადი რეაგირების პროცესით", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე კურსის დანიშვნა იქნება არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი.

კანონპროექტით, ცვლილება შედის იმ პირთა ჩამონათვალში, ვისაც უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ორგანოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ამ სიას დაემატება სოციალური მუშაკიც.

საკანონდებლო ცვლილებები პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობის ფაქტების პრევენციასა და დროულ რეაგირებას უკავშირდება. ასევე, გათვალისწინებულია მონიტორინგის მექანიზმიც.

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ძალადობის ფაქტზე პოლიციის რეაგირების ღონისძიებების დეტალური რეგლამენტაცია და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის ზომების გაუმჯობესება