რუსთავში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

2019-04-24 17:32:52

რუსთავში, რესტორან "სავანეში" საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა განვითარების საზოგადოება "თამარის" ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველმა და მზრუნველობა მოკლებულმა ბავშვებმა საჩუქრები როგორც აღნიშნული რესტორნისგან, ისე მაღაზიათა ქსელ "იო-იო"-სგანაც  მიიღეს.

ბავშვთა განვითარების საზოგადოების დამაარსებელისა და ხელმძღვანელის, მარინა ალადაშვილის თქმით, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მსგავსი ორგანიზაციების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

"რაც მეტი სიკეთე გაიცემა და რაც მეტი კომპანია ჩაერთვება ქველმოქმედებაში, რა თქმა უნდა, უკეთესია. ეს მეტი ბავშვის ყოლისა და ნელ-ნელა მომატების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა "თამარის" ხელმძღვანელმა მარინა ალადაშვილმა.

მარინა ალადაშვილის თქმით, ბავშვთა განვითარების საზოგადოება მისივე ინიციატივით 2016 წელს დაარსდა, ამ ხნის განმავლობაში კი "თამარის" სახელს 2 საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება უკავშირდება.

ხვალ უკვე საქველმოქმედო აქციაში თბილისში არსებული "ძველი ქალაქის რესტორანი" და კომპანია "თბილისი მოლი" ჩაერთვებიან.