რუსთავში გამწვანების აქცია მოეწყო

2019-04-24 16:42:47

ფონდი ორბელიანის საგრანტო კონკურსის, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით #22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

პროექტის "მწვანე კედელი" ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე კვირის განმავლობაში "ქარსაცავი ზოლი" განახლდება და 200-მდე ხე დაირგვება.

"ონლაინ პლატფორმის მეშვეობით რუსთავში მთლიანობაში 14 ახალგაზრდული ინიციატივა დავაფინანსეთ. კონკრეტულად გამწვანების აქცია მიზნად ისახავს თემის ჩართულობით კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ამ ქალაქში. შესაძლებელია, რომ მერიამაც აიღოს გამწვანების პასუხისმგებლობა, მაგრამ როდესაც თემია ჩართული, ამ სივრცის მიმართ ჩნდება უფორ მეტი პასუხისმგებლობის შეგრძნება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ  პატარ-პატარა პროექტებით, ადამიანები უფრო მეტად გააქტიურდნენ", - აცხადებს ორგანიზაცია "ორბელიანის" დირექტორი ქეთი ხაჩიძე.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისა და რეგიონისთვის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები.

პროექტის "მწვანე კედელი" ღირებულება დაახლოებით 5 000 ლარია. პროექტის ფარგლებში კი #22 სკოლის წინ ალვის ხის, ევროპული ნაძვის, ელდარის ფიჭვის, ტუიასა და ნეკერჩხალის ნერგები დაირგო.