რა ეღირება რუსთავიდან თბილისში ავტობუსით მგზავრობა

2019-05-07 00:34:12

მარშრუტზე რუსთავი-თბილისი, მგზავრების ავტობუსებით გადაყვანაზე, კონკურსი შესაძლოა მაისის ბოლოს გამოცხადდეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი სამუშაო სხდომა ჩატარდა, რომელიც წამომადგენლობითი იყო. შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ აღნიშნული საკითხის შესასწავლად კონკურსის გამოცხადებამდე დრო ითხოვეს. პარალელურად მიმდინარეობს ხარჯებისა და ტარიფის განსაზღვრა.

ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: - "ტენდერის ჩატარების კუთხით, ძალიან გამართულები ვართ. თბილისს ჰქონდა ბევრი ანალოგიური ტენდერი ჩატარებული, რომლის ძლიერი მხარეები დარჩება, სუსტი მხარეები ფაქტობრივად მოშორდება და უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაისის ბოლოს უკვე ის ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი სპეციალისტების მიერ, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი".

არსებული ინფორმაციით ავტობუსებით მგზავრების გადაყვანის ტარიფი სავარაუდოდ 1 ლარი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ავტობუსზე გამოცხადდება კონკურსი.