მარიამ ჯაში რუსთავში და ირაკლი ტაბაღუას ინიციატივა

2019-02-18 14:57:11

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბაგა-ბაღბის გამგეები, რუსთავის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები და პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდა.

დარბაზში ბაღების გამგეებმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ისაუბრეს ხელფასის გაზრდაზე, სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ბაღებს გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობის შემცირებაზე.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მარიამ ჯაშს გააცნო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სასურველი იქნებოდა 5-6 წლის ბავშვებს სააღმზრდელო გაკვეთილები სკოლაში ჩაუტარდეთ. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ბავშვების სკოლასთან ადაპტირებას, ხოლო გამონთავისუფლებული ჯგუფების ადგილზე კი ჩაირიცხებოდნენ ის ბავშვები რომლებიც ბაღებში საწყის ეტაპზე ვერ ხვდებიან.

"რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ხელშეწყობით ხდება დამატებითი ჯგუფების, სივრცის შექმნა, რომ კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიეცეს საშუალება რუსთავში, ისარგებლონ საბავშვო ბაგა-ბაღების სერვისით. ასევე არის საუბარი გარკვეულ საპილოტე პროგრამებზე, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლის ინფრასტრუქტურაში და სასკოლო მზაობის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.