გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავის მიკროავტობუსში [video]

2019-02-18 12:18:05

რუსთავის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე დაკავებული 58 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი გაიმართა რომელსაც მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვებოდა. გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. [ვიდეო/video]

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი წარედგინა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინფო რუსთავისთვის ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.

"ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც მიმალვის, ისე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედების გზით და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შესაბამისად ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა, ბრალდებული არ აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და დაზარალებულის პროვოკაციად აფასებს ამ ყველაფერს. ადევნებასთან და სექსუალური კავშირის ცდასთან საქმე არ გვაქვს, უბრალოდ იყო გარყვნილი ქმედება სხეულის ორგანოებზე შეხების სახით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა პროკურორმა ხატია გოგორიჭიანმა "ინფო რუსთავთან საუბრისას. 

"ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, დაპატიმრება", - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

შეგახსენებთ რომ 58 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სცადა და მოზარდს ფიზიკურად შეეხო.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, XII მიკრო-რაიონში 12 წლის გოგონას მეზობლად ცხოვრობს.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული ა.მ. 15 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში ცხოვრობდა და ის საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ჩამოვიდა.