"შემიძლია ალანიას სასამართლოში ვუჩივლო"

2019-02-10 19:16:46

რუსთავის ყოფილმა ვიცე მერმა ლავრენტი ალანიას ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა.

"შემიძლია ალანიას სასამართლოში ვუჩივლო", - ასე უპასუხა რუსთავის ყოფილმა ვიცე მერმა დავით კეკელიძემ ინფო რუსთავის ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობს ის ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ალანიამ ინფო რუსთავის გადაცემაში განაცხადა, რომ კეკელიძის მმართველობის დროს ის არასწორი მიმართულებით ერეოდა სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობაში.

მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს დავით კეკელიძე. კეკელიძემ ასევე ჩვენთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ლავრენტი ალანიას განცხადებაზე, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს შეეხებოდა და კეკელიძეს სიუჟეტის დაკვეთაში ადანაშაულებდა.

"ეს არის უნამუსო და მიზანმიმართული ტყუილი. პირველ რიგში ლოგიკური არ იყო იმ საქალაქო ტრანსპორტზე მე შემეკვეთა სიუჟეტი, რომელსაც თავად ვკურირებდი. ეს ტყუილი ჩემს დისკრედიტაციას ემსახურება, რომელზეც შესაძლოა სასამართლოშიც კი შევიტანო სარჩელი, რადგან ჩემი ღირსების შელახვას აქვს ადგილი. რაც შეეხება სატრანსპორტო ბიზნესში ჩარევას, ესეც სიცრუეა, რადგან მე ვიყავი ტრანსპორტის კურატორი და ჩემს კომპეტენციაში შედიოდა ყველა ის საკითხი, რომელიც შეეხებოდა ტრანსპორტს. მე მუდმივ რეჟიმში მქონდა კომუნიკაცია კომპანია ინტერტრანსთან, რადგან ეს ჩემს საქმიანობაში შედიოდა და სრულიად ნორმალურია. რაც შეეხება პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევას, ესეც მორიგი ტუილია. ამისი მე არც კომპეტენცია მქონდა და არც სურვილი", - აცხადებს დავით კეკელიძე.

რუსთავის ყოფილმა ვიცე მერმა ასევე უარყო ლავრენტი ალანიასთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თავად ალანიამ გააჟღერა. კეკელიძის თქმით ის პროფკავშირების თავმჯდომარეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არ შეხვედრია.

"მართალია ჰქონდა მას სურვილი, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით, მაგრამ ეს არ მომხდარა, ჩვენ არანაირი საუბარი არ გვქონია სამუშაო რეჟიმში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პიროვნების მიმართ მქონდა სრული უნდობლობა, თუნდაც ხშირ შემთხვევაში მისი როლის გამო, რომელსაც ის თამაშობდა მძღოლების გაფიცვების პროცესში", - განაცხადა დავით კეკელიძემ.

RUSTAVI