რას აცხადებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში
2019-02-10 17:30:58

მამაკაცი, რომელმაც 12 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიატრიულში თანხის გადაუხდელობის გამო არ დაიტოვეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა.

მეგობრები ყვებიან, რომ მათ მამაკაცი გუშინვე თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 000 არის გადახდა მოსთხოვეს.

მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს.

"რომ ვნახეთ, რომ არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა კლინიკა რუსთავში. როდესაც მივიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაშ ადასხმა გაუკეთეს, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში ფსიქიატრიულში.  ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა," - აცხადებს მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობარი.

29 წლის მამაკაცის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ საავადმყოფოში მსგავსი ქმედების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობა დაუსახელეს.

"იქ გვითხრეს 3 ათასი ლარი არის გადასახდელიო. ჩვენ ვუთხარით, რომ ფულს კი ვიშოვით, ჩამოვიტანთ, პრობლემა არ არის, უბრალოდ ამას რა ვუყოთთქო. ვერ დავტოვებთო, ფული წინასწარ უნდა გაიხადოთო. ადამიანმა თქვა, მე რა ვქნა, ასეთი კანონიაო, მე ვერაფერს ვერ ვიზავო," - ამბობს კიდევ ერთი მეგობარი.

ბრალდებებს უარყოფენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში და ამბობენ, რომ პაციენტი ნარკოლოგიურში მიიყვანეს, სადაც დარჩენა თვითონ არ ისურვა და ექიმებს იძულება რა შეეძლოთ. ისინი 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნასაც უარყოფენ.

"მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს მისი სტაციონარული მკურნალობისა ნარკოლოგიურ სტაციონარში. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ექიმმა განსაზღვრა, რომ ეს არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ხვდებოდა გადაუდებელი სტაციონარის რეჟიმში და ტავად პაციენტი უარს აცხადებდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნარკოლოგიური მკურნალობა საქართველოს კანონმდებლობით არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი. არა ნებაყოფლობითი მკურნალობა შეიძლება აღმოჩენილი იყოს ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში. ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია. მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე. მის თანმხლებ მიეცა რეკომენდაცია, რომ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის ამ მოქალაქეს არ მიუმართავს და დატოვა ტერიტორია",- განაცხადა ცენტის გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 12 წლის ბიჭი ცივი იარაღითაა მოკლული, ბრალდებული ბიძაა, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.