"ჩვენ 21 დღე ვითმენთ, შემდეგ შევხედავთ რა მოხდება"

2019-01-10 15:49:24

საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართული ტრანსპორტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ლევან ონიანთან ერთად, პროტესტის ნიშნად, ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა, ლავრენტი ალანიამაც დატოვა.

"21 დღის განმავლობაში უნდა დაიდოს შედეგი, მანამდე მგზავრები გადაიხდიან 2 ლარის ნაცვლად 1.50 ლარს კომპანია დათანხმდა, როგორც ჩანს, დათანხმდა  თვითმმართველობაც, მაგრამ შოუს მოსმენის სურვილი პროფკავშირს ნამდვილად არ აქვს, ამასთან, არც ალტერნატიულ ტრანსპორტზე საუბრის", - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

პროფკავშირების ხელმძღვანელმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის წინადადებები ალტერნატიულ ტრანსპორტთან დაკავშირებით კრიტიკულად შეაფასა.

"ფაქტიურად, მძღოლებმა მიიღეს ფასის დაწევის გადაწყვეტილება და ძალიან ვთხოვ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გავაღიზიანებთ მძღოლებს და დავანებოთ პოლიტიკას თავი. თუ კომისია დაადგენს 2 ლარს მგზავრობის საფასურს და დაეთანხმება ყველა მხარე, როგორ უნდა შემოიყვანონ ალტერნატივა. დღეიდან ათვლას იწყებს საგაფიცო პროცედურა. მიემართება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმიტომ, რომ თუ 2 ლარს დაადგენს მგზავრობის საფასურად კომისია, გამოდის, რომ მაინც არ დაეთანხმებიან. ჩვენ 21 დღე ვითმენთ, შემდეგ შევხედავთ რა მოხდება", - განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ.

RUSTAVI