“რუსთავის წყალმა” 30 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს

2022-10-06 13:42:59

კომპანია "რუსთავის წყალი" დამატებით 20, ჯამურად კი 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც წყლის სისტემაში არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა/ჩანაცვლებას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. კომისიამ საინვესტიციო გეგმა-გრაფიკი დაამტკიცა.

როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, საინვესტიციო გეგმა "რუსთავის წყალმა" 2023 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს.

"სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო წლის ბოლომდე, დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რათა წყალმომარაგება გაუმჯობესდეს. ერთი ნაწილი მოხმარდება ძირითადი მაგისტრალური მილსადენის გამოცვლას, რომელიც არის პრობლემური და ავარიები იწვევდა მთელი ქალაქის გათიშვას. გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია ისეთი ქუჩები, სადაც ხშირი იყო წყვეტები, შესაბამისად, მეორე ნაწილი ჩვენს მიერ დამტკიცებული ინვესტიციებისა, სწორედ ასეთი პრობლემური ქუჩების წყალმომარაგების სისტემის აღდგენა/რეაბილიტაციას მოხმარდებ", - განაცხადა ნარმანიამ.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, კომპანიამ წარმოადგინა გეგმა, რომლითაც თითოეული რუსთაველი იგრძნობს წყალმომარაგების კუთხით გაუმჯობესებას.

"წყლის კომპანიამ წარმოადგინა ის გეგმა, რომლითაც თითოეული რუსთაველი იგრძნობს წყლის მომარაგების გაუმჯობესებას . ჩვენ არ გვაქვს ილუზია და მე დარწმუნებული ვარ, მოსახელობასაც კარგად ესმის, რომ ეს ერთ თვეში და ორ თვეში არ მოგვარდება, თუმცა თანხა, რომელიც დღეს სემეკის გადაწყვეტილებით დამტკიცდა და კომპანიამ უნდა დახარჯოს სწორედ რუსთავში ამორტიზირებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მილების გამოსაცვლელად, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს გამოიღებს. უპრეცენდენტოა ის თანხა, რომელიც რუსთავში წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება, მე არ მახსენდება ამხელა ინვესტიცია ამ მიმართულებით ჩვენს ქალაქში დახარჯულიყო და ძალიან მიხარია, რომ 30 მილიონი მოხმარდება ჩვენი ძალიან დიდი პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა ლაცაბიძემ.

სხდომაზე ასევე ისაუბრე "რუსთავის წყლის" მიერ საინვესტიციო გეგმის შესრულების მონიტორინგზეც და აღნიშნეს, რომ მარეგულირებელი კომისია პროცესზე ყოველთვიურ მონიტორინგს განახორციელებს.