დავით კირკიტაძის სპეციალური ბრიფინგი [video]

2021-09-18 17:29:11

რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. [ვიდეო/video]

კირკიტაძის განცხადებით, მისი საარჩევნო დაპირება რუსთაველებისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთების გადაცემის და ავტოფარეხების დაკანონების შესახებ რეალურია. კირკიტაძემ დღეს  მტკიცებულებად დოკუმენტაცია წარმოადგინა და თქვა, რომ ამ შესაძლებლობით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს "ქართული ოცნების" ახლანდელმა წევრებმაც ისარგებლეს.

"ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელიც ეხებათ რუსთაველებს და თითოეულ ოჯახს წარვუდგინეთ 100 დღიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, რუსთაველები ჩემი მერობის პირველ 100 დღეში, მიიღებენ საკუთრებაში გარკვეულ ქონებას, რაზეც ჩვენმა ოპონენტებმა და უფრო კონკრეტულად, "ქართული ოცნების" კანდიდატმა განაცხადა, რომ ამის გაკეთება იქნებოდა შეუძლებელი, რომ ამის გაკეთებას სჭირდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ახლა მე მინდა კიდევ ერთხელ ვამხილოთ "ქართული ოცნება" და გაჩვენოთ დოკუმენტალურად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ლიდერები ფლობენ 900 მ2 მიწის ნაკვეთებს, რომელიც დამტკიცებულია და მათ ოფიციალურად საკუთრებაში აქვთ მიღებული ჩვენი ხელისუფლების დროს. ეს ადამიანები ფლობენ იმ კერძო საკუთრებას, რომელზეც აცხადებენ, რომ ამის გაკეთება კანონით არ შეიძლება.

აი მაგალითისთვის, მინდა გითხრათ, რომ ბატონ დავით იშხნელს, ქართული ოცნების სიის 1-ელ ნომერს, მიღებული აქვს 900 მ2 მიწის ნაკვეთი, რასაც ადასტურებს ოფიციალურად ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. თარიღს მინდა დააკვირდეთ, რომ ეს არის მიღებული 2010 წელს, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობა". მშვენივრად ისარგებლა ამ ადამიანმა თავის დროზე ხელისუფლების მიერ გადაცემული 900 მ2 მიწის ნაკვეთით.

სიის მე-3 ნომერს, ქალბატონ ლიანა ჯღარკავას ასევე აქვს 900 მ2 მიწის ნაკვეთი მიღებული და სარგებლობს ამით.

 ბადრი მაჭავარიანს, მათ მაჟორიტარობის კანდიდატს, მიღებული აქვს აღნიშნული ფართობის მიწის ნაკვეთი და ამის დამადასტურებელი მოწმობაც არსებობს.

და ასევე მინდა იცოდეთ, რომ გოჩა ლორიას, მაჟორიტარობის კანდიდატს და ვიცე-მერს მიღებული აქვს 900 მ2 მიწის ნაკვეთი.

ეს არის ოფიციალურად საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და ეს ხალხი სარგებლობს იმ სიკეთით, რომელიც თავის დროზე ძალიან სწორად გასცა ხელისუფლებამ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსთაველებს მართლა ესაჭიროებათ.

ეს პროცესი გაგრძელდება, დარჩენილია 15 000-მდე რუსთაველი, რომლებსაც არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში და ეს ადამიანები ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში მიიღებენ ამ საკუთრებას.

ასევე, ჩემმა კონკურენტმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომ დაუკანონდეთ ავტოფარეხები იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ეს, მათ ფაქტიურ მფლობელობაში არიან და რომლებიც არ უშლიან სამეზობლოს საუკეთესო ინტერესებს, ასევე კორპუსების უსაფრთხოებას ხელს.

მინდა იცოდეთ, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, საკუთრებაში აქვს ავტოფარეხი, საჯარო რეესტრის ამონაწრია ესეც და გეტყვით, რომ ამისათვის  რა პორცედურაც გაიარა ამ ქალბატონმა და მისმა ოჯახმა, იგივე პროცედურას გაივლის ყველა ის რუსთაველი, ვისი ავტოფარეხიც არ ეწინააღმდეგება მეზობლების საუკეთესო ინტერესებს, ასევე კორპუსის უსაფრთოხებას და ყველა რუსთაველს გადაეცემა საკუთრებაში ავტიოფარეხი, როგორც ეს აქვს "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე აცხადებს ,რომ ავტოფარეხების დაკანონება მხოლოდ ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზეა შეიძლებელი. მიწის ნაკვეთებისთვის კი, რომლითაც ადგილობრივები ვერ სარგებლობენ, ახალი გენერალური გეგმაა საჭირო, რომ ახალი პოტენციალი გაუჩნდეს.