"მშიერი ხალხი, მაძღარი მთავრობა" [photo]

2021-09-18 15:22:47

პარტიამ "ლელო-საქართველოსთვის" რუსთავის მერიის წინ აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებს მერიის წინ მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით - "154... მილიონი დახარჯეს!", "რა ეტყობა ქალაქს?", "მშიერი ხალხი", "მაძღარი მთავრობა", "4.8 მილიონით გაზრდილი ხელფასები, პრემიები!", "უმუშევარი ხალხი".

როგორც "ლელოდან" რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტი სამართლიანად გადაანაწილოს, იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები.

"პანდემიის შემდეგ, მაშინ როდესაც გაზრდილია სიღარიბე და უმუშევრობა, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტი სამართლიანად გადაანაწილოს და მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ხალხს, ვინც სამსახური დაკარგა, თავად გაიზარდეს ხელფასები, პრემიები და ბიუროკრატიული ხარჯი. პანდემიის შემდეგ, რუსთავის მერიამ საკრებულოში და აიიპ-ებში დაახლოებით 5 მილიონითაა გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი და ამის მეათედითაც არ გაზარდეს სოციალური მიმართულებები და ჩვენ ვაპროტესტებთ ამას", - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

მანამდე, პარტია "ლელო-საქართველოსთვის" წევრებმა რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე არსებული სკვერი მოაწესრიგეს.

როგორც ნინო იმედაშვილმა აღნიშნა, სკვერის მოწესრიგება მოსახლეობის თხოვნიდან გამომდინარე მოხდა.

"წინა კვირას მე მქონდა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც გამოითქვა წუხილი, რომ მოუწესრიგებელია ეს ადგილი, სადაც ადამიანები ხშირად გამოდიან და მე მათ შევპირდი, რომ ამ ეტაპზე შემეძლო დავხმარებოდი იმით, რომ ნაგავი გამეტანა ამ სკვერიდან და დღეს მოვიდნენ რუსთაველები, რომლებსაც ამ ქალაქზე გული შესტკივათ და ნაგავი გაგვაქვს სკვერიდან, ვცდილობთ ჩვენი ძალებით მოვაწესრიგოთ. 154 მილიონია დახარჯული ინფრასტრუქტურულ პროექტებში რუსთავში, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა  ხელისუფლებაში, 38 მილიონზე მეტია დასუფთავებაში დახარჯული და ადეკვატური პროპორცია ამ ქალაქს ამ თანხის არ ეტყობა", - განაცხადა იმედაშვილმა.