ეკონომიკის მინისტრი რუსთავში

2021-07-21 21:27:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კლინიკა "რუსთავში" საწარმო "ქართლი ტექსტილის" თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

როგორც მინისტრმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, როგორც ეკონომიკის მინისტრს მას დიდ დამსაქმებელ კომპანიებთან კომუნიკაცია აქვს, რომ მათ მიერ დასაქმებული პირები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ და ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი გაიზარდოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური ვაქცინაციის პროცესი წავიდეს მაღალი ტემპით და დღიური მაჩვენებელი ამაღლდეს. ამიტომ ჩვენ მთავრობის წევრები მოწადინებულები ვართ, მოვუწოდოთ და დავეხმაროთ ადამიანებს რომ აიცრან. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ჩართული ვარ მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებთან კომუნიკაციაში.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. დღეს რუსთავში დავესწარი ქართლი ტექსტილის თანამშრომლების მასობრივ აცრას, მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ

მათ გამოუყვეს ცალკე კაბინეტი, სადაც ორგანიზებულად მოხდება მათი ვაქცინაცია. ეს საწარმო ასაქმებს 1700-მდე ადამიანს, აქედან 300 ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ეტაპობრივად მოხდება მათი ვაქცინაცია",- განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას განცხადებით, გარდა ქართლი ტექსტილისა, რუსთავის მასშტაბით თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესში ჩართულია რუსთავის აზოტის თანამშრომლებიც.

RUSTAVI