"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ მასალას ღარიბაშვილი ეხმაურება

2021-02-25 11:08:49

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსთავის მომსახურების სააგენტოსთან არსებულ საავტომობილო რიგებს უკავშირდებოდა, მთავრობის მეთაურის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1-ელ მარტამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ 1-ელ ივნისამდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.

"ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლს, რაც ბოლო წლებში იყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" გუშინ პირდაპირი ეთერის საშუალებით გააშუქა, როგორ იდგა ასეულობით ავტომობილი რამდენიმე საათიან რიგში რუსთავის მომსახურების სააგენტოსთან. ძირითადი სერვისი, რომლის მიღებაც მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სურდათ, ავტომობილების განბაჟება იყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები