სოკოს საწარმო 20 000 ლარით დაჯარიმდა

2020-10-17 00:03:10

სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი" 20 000 ლარით დაჯარიმდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საწარმო თავდაპირველად 7500 ლარით დაჯარიმდა. შემდეგ მას დარღვევების აღმოსაფხვრელად დრო მიეცა და განესაზღვრა ვადები.

ვადების გასვლის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საწარმო შეამოწმეს და დარღვევები გამოსწორებული არ იყო.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები გარდაბნის მაგისტრანტ სასამართლოში მიმდინარეობდა. "თეთრი ქუდი" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 პრიმა 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 84-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარს აღწევდა, თუმცა არსებული წესის მიხედვით დიდმა ჯარიმამ შთანთქა მცირე ჯარიმები და შპს "თეთრი ქუდი", მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, საბოლოდ 20 000 ლარით დაჯარიმდა.

4 თვიანი სასამართლო პროცესი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველების ნაწილი თითქმის 2 წელია უსიამოვნო სუნითაა შეწუხებული, რომელიც სოკოს საწარმოში გამოიყოფა და ქალაქში შემოდის. ჩატარდა არაერთი აქცია, "ინფო რუსთავმა" აღნიშნული პრობლემა არაერთხელ გააშუქა. რუსთაველების ნაწილი საწარმოს დაჯარიმებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, "თეთრი ქუდი" ვალდებულია, საწარმოში არსებული პრობლემები დროულად მოაგვაროს.

"ინფო რუსთავი" რუსთაველების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხს, თვალს კვლავაც მიადევნებს.

RUSTAVI