ვინ არიან მენტორი მასწავლებლები რუსთავში

2020-09-25 00:45:11

2020-2021 სასწავლო წლის მენტორ მასწავლებელთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსთავის სხვადასხვა საჯარო სკოლას, ჯამში, 8 მენტორი პედაგოგი ჰყავს.

პედაგოგებს მასწავლებლის უმაღლეს საფეხურზე გადასასვლელად რთული და ხანგრძლივი გზის გავლა უწევთ, სწორედ ამიტომ, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, თქვენთვის გაეცნო მასწავლებლები, რომლებმაც უმაღლესი, მენტორის სტატუსის მოიპოვება შეძლეს.

ვინ არიან, რომელ სკოლებში და რას ასწავლიან, რა გზა გაიარეს მენტორობამდე და რას ნიშნავს მათთვის ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგების რიგში ყოფნა - სწორედ ეს კითხვები დაუსვა საინფორმაციო სააგენტომ მენტორ მასწავლებლებს.

ხათუნა ყოჩაშვილი - რუსთავის ჟიული შარტავს სახელობის #4 საჯარო სკოლა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.


"20 წლისამ შევაბიჯე სკოლაში და 28 წელია არ შემიცვლია აზრი, რომ პედაგოგობა ჩემი პროფესიაა. მთელი ჩემი პედაგოგიური ცხოვრება ეძღვნება ბავშვებს.

ვარ განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაერთი პროექტის ტრენერი, "ახალი სკოლის მოდელის " კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი, ევროპული სასკოლო საზოგადოება "eTwinning"-ის ტრენერ -ამბასადორი, ამავე პროექტის ვარსკვლავის მფლობელი.

2011 წელს შევქმენი პირველი ქართული სამგანზომილებიანი დედაენა და ანიმაციების კრებული ანბანზე. ვარ 100 მდე საგანმანათლებლო ანიმაციის ავტორი. დისტანციური სწავლების პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტ ბავშვებს ვასწავლი ქართულ ენას.

ჩემს პირვეკლასელებს განვაცდევინე დისტანციური სპექტაკლის სიამოვნებაც. მოგვიანებით ამ სპექტაკლის ჩანაწერი ნატახტარის კონკურსის პრიზიორი გახდა. ასევე, დისტანციურად მყავდა ექსკურსიაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიც.

მიმაჩნია, რომ გზა მენტორობამდე საკმაოდ რთულია, რთულია მუხლჩაუხრელი მუშაობის გარეშე, ერთ წელიწადში 25 კრედიტის მოგროვება, მაგრამ ეს უფრო რთული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გვერდით N4 საჯარო სკოლის პროფესიონალი გუნდი არ იქნებოდა.

მიუხედავად დიდი შრომისა, სტატუსისა და აღიარებისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ეძღვნებოდა მოსწავლეებს, რომ არა ისინი, მათი მშობლები და სიყვარული, მე არ ვქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ".

სოფიო ფოჩხიძე - რუსთავის # 5 საჯარო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი.


"2012 წელს ნებაყოფილობით ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და მივიღე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მოვირგე სქემით განსაზღვრული სავალდებულო აქტივობები, აქტიურად ჩავერთე მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში. თითოეული ტრენინგის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნა მოვარგე საკლასო ოთახში ჩემი მოსწავლეების განვითარებას, დავგეგმე მათთან საინტერესო პროექტები, ჩავატარე სამოდელო გაკვეთილები.

2018 წელს გავხდი უკვე  წამყვანი მასწავლებელი. შემდეგ მაქსიმალურად გამოიყენე  მასწავლებელთა სახლის მიერ მითითებული ერთწლიანი სასწავლო წლის ვადა ახალი აქტივობების შესასრულებლად მენტორის სტატუსისათვის. ჩემს კოლეგასთან ერთად ჩავატარე "მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა საბაზო საფეხურზე ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიასა და მათემატიკაში".  ჩატარებული კვლევა დაგვეხმარა ამ საგნების მიმართ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების დადგენასა და სწავლების გაუმჯობობესების საჭიროებების განსაზღვრაში.

ცხრა წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად გავიარე საფეხურები მენტორის სტატუსამდე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ყველა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში მათი წვლილი დიდია.

მინდა აღვნიშნო, რომ მენტორის სტატუსის მოპოვებაზე უფრო რთულია ამ სტატუსის ტარება. ვფიქრობ  მაქსიმუმი უნდა გავაკეთო  ჩემი მოსწავლეებისათვის, კოლეგებისათვის, სკოლისათვის, ქალაქისთვის, ჩემი ქვეყნისათვის. მთელი ძალით უნდა გავაგრძელო კვლავ ჩემი პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა".

მელანო მჭედლიშვილი - რუსთავის #5 და #8 საჯარო სკოლები, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.


"30 წელზე მეტია, ჩემს მშობლიურ ქალაქში თაობების აღზრდას ვემსახურები. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, იმ პიროვნული თვისებებისა და უნარ-ჩვევების აღზრდა პატარებში, რაც შემდგომ მათ დაეხმარებათ სრულყოფილი, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები გახდნენ. პირადად მე, მიზანმიმართულება, კრეატიულობა, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა, გადამელახა ყველა ბარიერი, დამეძლია ყველა სიძნელე, დამეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნა, რათა მიმეღწია მასწავლებლის უმაღლეს წოდებამდე.

მენტორობა სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა შეჩერდე. პედაგოგობა ის პროფესიაა, რომელიც მუდმივ ძიებას, სიახლეებს, საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს.

ყოველთვის მზად ვარ, ცოდნა და გამოცდილება კოლეგებსაც გავუზიარო. მუდმივად ვთანამშრომლობ მათთან და მახარებს მათი წარმატება, პროფესიული წინსვლა.

მიმაჩნია, რომ ,,მენტორი" ადამინებთან ურთიერთობაში უნდა იყო.

მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი მშობლიური რუსთავი".

თამარ გელაშვილი - რუსთავის #5 და #25 საჯარო სკოლები, ბიოლოგიის მასწავლებელი.


"იყო მენტორი დიდი პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლს, რუსთავის რესურს-ცენტრს ჩემი შრომის დაფასებისთვის, აღიარებისთვის. მადლობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეებს და კოლეგებს კარიერული წინსვლში ხელშეწყობისთვის.

მენტორის სტატუსის მოპოვება დიდი შრომის შედეგია. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და რაც მთავარია, ბავშვები, სწორედ ამან შემიწყო ხელი კარიერულ წინსვლაში. ვარ ინოვაციური, მიყვარს სიახლეების ძიება,  შესწავლა და სასწავლო პროცესში დანერგვა. მიყვარს გუნდური მუშაობა და გამოცდილებას მუდამ ვუზიარებ ჩემ კოლეგებს. ვარ „მეთოდური სახელმძღვანელო პედაგოგებისათვის“ ავტორი.  ჩემი სტატიები იბეჭდება  მასწავლებლის ელექტრონულ გაზეთში.

ხშირად ვატარებ ექსპერიმენტებს, სამოდელო გაკვეთილებს, გაკვეთილებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სადაც კომპიუტერთან წვდომა აქვს თითოეულ მოსწავლეს. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ ჩემს მიერ შექმნილ ინოვაციურ რესურსებზე და თავადაც გაკვეთილზევე ქმნიან რესურსს. მოსწავლეებთან ერთად ხშირად ვესწრები წამყვანი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებს და ლექციებს.  

მენტორის სტატუსი კიდევ უფრო მეტი ცოდნის შეძენის ვალდებულებაა. მოვიძიებ, გავეცნობი, დავნერგავ  და გავუზიარებ კოლეგებს კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო სიახლეს".

ნანა ნოზაძე - რუსთავის #9 სკოლა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი.


"მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში 2016 წლიდან ჩავერთე, როგორც პრაქტიკოსი, რადგან საგნობრივი გამოცდები არ იყო ისტ-ში, მხოლოდ უნარების გამოცდა მქონდა ჩაბარებული. 2016-ში ჩავაბარე საგნის  გამოცდა და შემეცვალა სტატუსი, ამის შემდეგ ჩავატარე ყველა საჭირო აქტივობა, კვლევა და 2018 წელს მომენიჭა წამყვანის სტატუსი, ხოლო 2019-ში გავხდი მენტორი, ესეც კრედიტების დაგროვებით.

სიმართლე გითხრათ, კრედიტებზე ნამდვილად არ მიფიქრია, ეს აქტივობები ისედაც უნდა აკეთოს მასწავლებელმა. გაცილებით მეტი კრედიტის ატვირთვაც შემეძლო, ვინც მიცნობს, ნამდვილად არავის გაკვირვებია ჩემი სტატუსი. ეს ყველაფერი თავისით მოვიდა, ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, კოლეგებს ვეხმარებოდი ტექნოლოგიების დანერგვაში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ კრედიტები და სქემა შემოვიდოდა.

ვარ დოქტორანტურის მე 3 კურსზე, თემა გახლავთ ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში.  ზოგადად მიმაჩნია, რომ თანამედროვე სწავლება ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია.

გამოცემული მაქვს 1-ელი კლასის დამხმარე რვეული ისტ-ის საგანში, რომელსაც მთელი საქართველოს მაშტაბით იყენებენ მასწავლებლები, პანდემიის დროს ვწერდი ვიდეო გაკვეთილებს და ვანთავსებდი ბლოგზე. ამით ვეხმარებოდი ჩემს კოლეგებს.  

ეს სტატუსი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა".

ნინო ლურცულიანი - #17 საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


"მენტორის სტატუსის მისაღებად საკმაოდ რთული გზა გავიარე, თუმცა დიდი დახმარება გამიწია ჩემმა კვალიფიკაციამ, მქონდა ფილოლოგიის დოქტორის სტატუსი და ვიყავი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. შესაბამისად, სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამის შემდეგ დავიწყე ბრძოლა მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად: დავგეგმე და განვახორციელე კოლეგებთა სამუშაო შეხვედრები, განვახორციელე რიგი საგნმანათლებლო პროექტები, ჩავატარე სასკოლო კვლევები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა.

მენტორის სტატუსი ავალდებულებს მასწავლებელს მეტი პასუხისმგებვოლბით მოეკიდოს თავის პროფესიას: შქმნას მეთოდური ლიტერატურა, საგნამნათლებლო რესურსები, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება კოლეგებს და დაეხმაროს სკოლას საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაში".

ანიკა თოლორაია - რუსთავის #21 საჯარო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი (სკოლის დირექტორს მოადგილე).


"გერქვას მენტორი მასწავლებელი, პატივზე მეტად ჩემთვის გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ამ გზის გავლა არ იყო მარტივი, თუმცა მთავარია მონდომება, სურვილი და მოტივაცია, ეს უკანასკნელი კი არასდროს მაკლდა.

უკვე 20 წელია, რაც 21-ე საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი ვარ და ჩემს ცოდნას მოსწავლეებს ვუზიარებ. მათ არ ვასწავლი მხოლოდ ამოცანების ამოხსნას, ვცდილობ კონკრეტული ამოცანების დასახვა, მათი სწორად წარმართვა ვასწავლო. ეს პროცესი ჩემი საქმიანობის საყვარელი ნაწილია. ჩემი კოლეგები კი დამეთანხმებიან, რომ როცა საქმე სავალდებულოსთან ერთად სასიამოვნოცაა, პროცესი მარტივდება.  

მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად იყო შრომატევადი სამუშაო, თუმცა საინტერესო: სამოდელო გაკვეთილები, სასწავლო პროექტები, სოციალური პროექტები, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, მეთოდური სტატიები, მეთოდური ლიტერატურის გამოშვება, საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა და კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობა.

მიხარია რომ დამიფასდა შრომა. ამასობაში გამომიმუშავდა მეტი მოტივაცია, რომ უკეთ ვაკეთო საქმე. მეტს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და გავხადო საგანმანათთლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი.

ჩემთვის სწავლა არასოდესაა არც გვიან და არც საკმარისი. სწორედ ამიტომ, 2013 წელს ჩავაბარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე.

ჩემს კოლეგებს, პედაგოგებს მინდა ვუსურვო წარმატება და ვურჩიო, რომ თუ სწორად დაგეგმავენ თავიანთი პროფესიული განვითარების გზას და გააგრძელებენ თავდაუზოგავად მუშაობას, სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევე".

ლელა კვარაცხელია - რუსთავის #23 საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


"ჩემთვის ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მენტორის სტატუსი მართლაც სასიხარულო იყო. ეს იმიტომ, რომ გვიხაროდა არამარტო მე და ჩემს მეგობრებს, არამედ ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ იმ ღონისძიებებისა, პროექტებისა თუ სამოდელო გაკვეთილებისა, რომელთა ჩატარებაც მომიხდა. ეს იყო მასწავლებლობის საინტერესო გზის საინტერესო მონაკვეთი, რომელიც დღემდე გრძელდება და ასე იქნება მომავალშიც, რადგან ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის მოსწავლეების ბედნიერი სახეებია. სკოლის წარმატებებსა და გამოცდილებას ყოველთვის ვუზიარებ ჩემს სტუდენტებსაც, რომელთა შორის არაერთია წარმატებული მასწავლებელი და თავისი საქმის კარგი მცოდნე, არიან უკვე ჩემი კოლეგებიც სამეცნიერო მოღვაწეობაშიც.

ბავშვობიდან გამოცდებს ,,სპორტული აზარტით“ ვუყურებ, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს: შევძლებ? ...და ვპასუხობ, რომ შევძლებ. ალბათ ამის შედეგია მასწავლებლის 10 სერტიფიკატი (გარდა ჩემი სპეციალობისა, რუსულში, ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ხელოვნებაში, დაწყებითი განათლების მიმართულებით...), დისერტაცია და არაერთი სამეცნიერო შრომა, წიგნი და ჩემი შრომის აშკარა შედეგი: ჩემი არაერთი მოსწავლე და სტუდენტი თავისი საქმის კარგი მცოდნე და  წარმატებული ადამიანია. ქვემო ქართლში პირველი მენტორი მასწავლებელი ვიყავი, ახლა მიხარია, რომ სხვებსაც მიენიჭა ეს საპატიო წოდება. ჩვენ ბევრს გვავალებს ეს წოდება.

ვეწევი შემოქმედებით საქმიანობასაც, ვარ ქვემო ქართლის მწერალთა ასოციაციის წევრი. პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, რომელმაც პირველად სტუდენტთა აუდიტორიის კარი 25 წლისამ შეაღო. 20 წლისა კი მასწავლებელი ვიყავი აფხაზეთში, მერხეულის საშუალო სკოლაში".

 

 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები