მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით

2020-09-24 13:47:28

1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონიდან, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დისტანციური სწავლების მოდელი რჩება უმაღლეს სასწავლებლებში.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები წესდება აჭარაში. რეგიონში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება.

„ხვალიდან, 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.