რუსთავის სკოლების დირექტორთა უმრავლესობა თანამდებობიდან გათავისუფლდა

2020-09-26 15:54:50

რუსთავში არსებული საჯარო სკოლების დირექტორთა უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და თანამდებობიდან გათავისუფლდა. ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დასარჩენად განათლების სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან.

"ინფო რუსთავი" განათლების სამონისტროს დაუკავშირდა იმ მიზნით, რომ მიეღო ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენ დირექტორს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და მათგან რამდენი გააგრძელებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას, თუმცა უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოძიებისთვის სამინისტროს ოფიცილური წერილით უნდა მივმართოთ.

ინფორმაციის მოძიება საკუთარი წყაროებით ვცადეთ და გავარკვიეთ, რომ უფლებამოსილების ვადა ამოეწურა რუსთავში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, გარდა #3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე სკოლის ხელმძღვანელი პირი, მათ შორისაა რუსთავის #8, #1 და #5 საჯარო სკოლები, არჩეული დირექტორები არ არიან და დაწესებულებებს თავდაპირველადაც მოვალეობის შემსრულებლების სტატუსით მართავდნენ. 

პროცედურულად, საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მინისტრი აწერს ხელს უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანებას, რის შემდეგაც სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელახლა წარედგინებათ დირექტორობის მსურველი კანდიდატები. მოცემულ ეტაპზე, პანდემიის გამო, დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა და ცნობილიც არაა, როდის იგეგმება კონკურსის ჩატარება.