რუსთავში პოლიციის შენობის მშენებლობა დასრულდა

2020-02-27 22:41:17

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოს ახალი განყოფილება ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ამ დროისთვის შენობაში ინვენტარი შეაქვთ და დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებენ.

ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში პოლიციის სამმართველოს მე-3 განყოფილება იფუნქციონირებს. აღნიშნული განყოფილება ამჟამად მე-17 მიკრორაიონში მდებარეობს და მისი თანამშრომლები უკვე რამდენიმე წელია სააღმზრდელო დაწესებულების ყოფილ შენობაში მუშაობენ.

მე-12 მიკრორაიონიში არსებულ ახალ, ორ სართულიან შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები, მოსასვენებელი და სასადილო სივრცეები, ასევე სპორტული დარბაზი, ობიექტს აქვს საკუთარი პარკინგი.

განახლებული საპოლიციო ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სამართალდამცველებისთვის მაქსიმალურად კონფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.

ახალი პოლიციის განყოფილების ადგილზე აქამდე ავტოსადგომი იყო განთავსებული. შენობის მშენებლობა 2019 წლის იანვარში დაიწყო.