საქსტატის რეგიონალური გეგმები

2020-02-21 20:24:42

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორთან გოგიტა თოდრაძესთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გოგიტა თოდრაძემ პრეზენტაცია გამართა. საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა დამსწრეებს  სამსახურში ბოლო დროს განხორციელებული შიდა ცვლილებები გააცნო და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ინფორმაციის თვალსაზრისით საქსტატი საზოგადოებას და ადგილობრივ თვითმმართველობებს აძლევს.

"შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქსტატის მიერ წარმოებული პროდუქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. ჩვენი პიორიტეტია საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღები პრიბეს უზრუნველყოფა მათთვის საჭირო მონაცემებით და ამავდროულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი საზოგადოებას შევთავაზოთ შედარებით მარტივად აღსაქმელი ფორმით, რათა გაადვილდეს მისი გამოყენება, დაგეგმვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის წარმართვა", - აცხადებს გოგოიტა თოდრაძე.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.

საქსტატი გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმარტველობასთან და შეისწავლოს რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებები და მოთხოვნები.