რუსთავში სისხლის ბანკი გაიხსნა [photo]

2020-01-21 20:01:15

რუსთავში "ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი" გაიხსნა. სამედიცინო ობიექტი ,,რუსთავის მედიცინის სახლის - N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“-ს ბაზაზეა დაფუძნებული.

სამედიცინო სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სისხლის ბანკი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, დამზადდეს უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების სისხლის კომპონენტები.

ადგილზე შესაძლებელია დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული, ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, ასევე, სისხლის კომპონენტებით სტაციონარების უზრუნველყოფა და უანგარო დონაცია.

"დიდი ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების მქონე სამედიცინო ობიექტის შექმნას დასჭირდა, გაიღო რუსთავის მედიცინის სახლმა, რომელიც გახლავთ ამ ობიექტის დამფუძნებელი. რეგიონში არ არსებობს სისხლის ბანკი. არსებობდა სისხლის გადასხმის სადგური, რომელსაც ლიცენზია შეუჩერდა და ამის შემდეგ მოხდა ინიციატივის გამოჩენა ჩვენი მხრიდან. სწორედ ამ სადგურიდან  გადმოვიყვანეთ გამოცდილი კადრები და ძველ გუნდს შევმატეთ ახალი თანამშრომლებიც. მოთხოვნა არის სახელმწიფოსგან, რომ უპირატესი იყოს უანგარო დონაცია, სისხლი არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ ამის ერთბაშად გაკეთება შეუძლებელია, ამიტომაც ეტაპობრივად მოხდება ამ ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა რუსთავის მედიცინის სახლის დირეტორმა მერი ლოლაძემ.

რეგიონში სისხლის ბანკის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჟურნალისტებთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს სამედიცინო ობიექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ბანკი რეგიონის კლინიკების უზრუნველყოფას მოემსახურება, რაც შესაბამისად წაადგება ქვეყანაში არსებულ სისხლის მოთხოვნაზე  დეფიციტის აღმოფხვრას.

"გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქალქ რუსთავის და რეგიონის მასშტაბით ჩვენ მივიღეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი, რომელიც ძალიან საჭირო და დეფიციტური იყო ამ წუთამდე. ეს ობიექტი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი კლინიკები გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყონ სისხლით, რისი საშუალებაც აქამდე არ გვქონდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი მიუძღვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მედიცინის სახლის ადმინისტრაცია იმ ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას აძლევს, მოუწოდებს, გაიღონ სისხლი და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე.

სისხლის ბანკი მოემსახურება როგორც უანგარო დონორებს, ისე ადამიანებს, რომლებიც სისხლის გაღებას თანხის სანაცვლოდ გადაწყვეტენ.

სამედიცინო ობიექტის პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროდუქციაზე და ფასებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩამონათვალს:

1. კონსერვირებული სისიხლი (დაუმზადებელი) - 500 მლ - 100 ლარი
2. ერითროციტული მასა სრული დოზა - 230 მლ და მეტი - 80 ლარი
ერითროციტული მასა არასრული დოზა - 230 მლ-ზე ნაკლები - 70 ლარი
3. გარეცხილი ერითროციტული მასა სრული დოზა - 90 ლარი
4. ახლად გაყინული პლაზმა (აგპ) სრული დოზა - 170 მლ და მეტი - 45 ლარი
ახლად გაყინული პლაზმა (აგპ) არასრული დოზა - 170 მლ-ზე ნაკლები - 40 ლარი
5. თრომბოციტული მასა - 50 მლ-70 მლ - 40 ლარი

მომსახურება:
1. სისხლის ჯგუფის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა - 15 ლარი
2. შეთავსება - 10 ლარი
3. სისხლის საერთო ანალიზი - 15 ლარი