"რევოლუციონერებმა სასჯელი მიიღეს" [video]

2019-12-15 17:10:56

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, ანდრია პირველწოდებულის და მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს საღვთო ლიტურგია რუსთავის ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში აღავლინა. [ვიდეო/video]

ქადაგებისას მეუფე მრევლს სახელმწიფოებრივ წყობილებებსა და მმართველობის ფორმებზე ესაუბრა. მიტროპოლიტმა იოანემ პარალელი გაავლო მონარქიულ და რესპუბლიკურ მმართველობას შორის. "დადგა ჟამი და ხალხმა მეფეც უარყო, რესპუბლიკა გვინდაო, დემოკრატია გვინდაო, და განა აქ იარარქია არ არის? ოღონდ ამ იერარქს მეფე კი არ ჰქვია, ჰქვია პრეზიდენტი, პრემიერი, ქვეყნის მეთაური. განსხვავება იმაშია, რომ მეფობაში იერარქია დინასტიურია, დემოკრატიულ წყობაში კი არჩევითი. დინასტიამ იცის, რომ მისია ეს მეფობა და შეიძლება დაკარგოს, ამიტომ მან უნდა იზრუნოს ქვეყნისთვის. როცა არჩევითია სისტემა, რამდენიმე წლითაა არჩეული მმართველი და რა იქნება შემდეგ, აღარ ედარდება მას, თუმცა, პატრიოტს უნდა ედარდებოდეს. ყველას თავისი მისია აქვს ქვეყანაზე და ეს მისია უნდა შეასრულო. მისია თანამდებობაზე არ არის დამოკიდებული, თუ მისია გაქვს, მოგეცემა ის თანამდებობა, რომელზეც მას განახორციელებ, თუ ღვთის განგებას ემორჩილები, რა თქმა უნდა. თუ ღვთის განგებას არ მიჰყვები, შენი თავის რეალიზებას ვერ მოახდენ, შეიძლება დაიკავო თანამდებობა, მაგრამ ხარ უბრალოდ მოვალეობის შემსრულებელი. არის ეს ის, რაც გინდოდა?", - განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

მეუფემ ქადაგებისას ქართველი მეფეების დიპლომატიურ უნარჩვევებზე და მათ ბრძოლისუნარიანობაზეც ისაუბრა. "თუ შენ თვითონ უნდა მიიტაცო გვირგვინი, დაკარგავ, როგორც ნაპოლეონმა დაკარგა. ნაპოლეონმა მიიტაცა, რომის პაპს ხელიდან გამოგლიჯა და თავზე დაიდგა, დაიდგა და დაკარგა.  ყველა თავნება ადამიანმა, ვინც თვითონ ცდილობს რაღაც მიითვისოს, შეიძლება დროებით ეს მიიღოს, თუმცა დროებით მიღებული იკარგება. ის, რაც ღვთისაა, არ იკარგება. მეფე ვახტანგი დღესაც მეფეა, ის დღესაც მეფობს საქართველოში, ასევე მეფობენ თამარიც და დავითიც.  თუ ვზრუნავთ ერისათვის, ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ. აქ საუკუნეებს მნიშვნელობა არააქვს, იცვლება მხოლოდ ფორმები, შინაარსი იგივე რჩება. ისინი დიპლომატებიც იყვნენ და მებრძოლებიც, ორივე საჭიროა, ბრძოლაც და დიპლომატიაც", - აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ თავის ქადაგებაში საბჭოთა კავშირზეც ისაუბრა. "ვინც თვითონ ებრძვის ღვთით დადგენილს, სასჯელს მიიღებს. მიიღეს სასჯელი რევოლუციონერებმა? მიიღეს. ერთმანეთი დახოცეს ბოლოს. ძალაუფლება ხელში კი ჩაიგდეს, მაგრამ მერე ერთად იბრძოდნენ მეფის წინააღმდეგ და ბოლოს ყველამ მოინდომა მეფობა. ტროცკი მოკლეს, სტალინი გადააყოლეს. როდესაც ლენინის მეუღლე გარდაიცვალა, მის არქივში იპოვეს ფოტოსურათი, ლენინი თავის გუნდთან ერთად. ხელით თითოეულზე ეწერა, დახვრეტილია, დახვრეტილია, დახვრეტილია. ყველა დაიხვრიტა, ეს იყო სასჯელი მათზე", - განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

მეუფე იოანემ რუსთავი 3 ნოემბერს დატოვა და ქუთაისში გაემგზავრა. შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II ხელმძღვანელობს.