"ქალთა მიმართ ძალადობა"

2019-12-06 18:29:02

რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

კამპანიის მთავარი მიზანი, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

"მთავარ თემას, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, წელს წარმოადგენს "სექსუალური შევიწროვება". ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ მაისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამოქმედდა ახალი ცვლილებები, კერძოდ დაემატა 166 პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 300 ლარიან ჯარიმას სექსუალური შევიწროვებისათვის", - განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებული მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა ქეთევან ტატუაშვილმა.

შეხვედრა რუსთავის საკრებულოს გენდერული საბჭოს ინიციატივით და „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

"ჩვენი რეგიონი განსაკუთრებით საინტერესოა ამ კუთხით. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. წლევანდელი კამპანიის თემა გახლავთ "სექსუალური შევიწროვება", რაც ვფიქრობ, რომ ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არანაკლებ მნიშვნელოვანია", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ.