მგზავრობის ტარიფი ტრანსპორტზე

2019-12-02 18:37:44

რუსთაველებისთვის თითქმის ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის საფასური გაძვირდა. იმ ფონზე, რაც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილების ფასმა 1.50-დან 1.80-მდე მოიმატა და 1 ლარით გაძვირდა ტაქსით მომსახურებაც, "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდაც.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ ამ ეტაპზე შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ზრდა დაგეგმილი არ არის, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში კომპანია "მაგისტრალ XXI"-ს წარმომადგენელმა, ცისკარი შუბითიძემ აღნიშნა, შიდასაქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების ნაწილს ეს მოთხოვნა აქვს.

"ფასების აწევაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. მძღოლების ნაწილი მოითხოვს, რომ ავწიოთ ფასი, გამომდინარე იქიდან, რომ საწვავსა და ტრანსპორტის შეკეთებას ფასები გაუორმაგდა, თუმცა ვითვალისწინებთ, რომ ხალხს ძალიან უჭირს და ჯერჯერობით ამ პროცესს ვაჩერებთ", - აცხადებს ცისკარი შუბითიძე.

როდემდეა შეჩერებული ფასის ზრდის პროცესი და როდისაა მოსალოდნელი, რომ კიდევ ერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა გაუძვირდეთ რუსთაველებს, ჯერჯერობით ზუსტი ვადები ცნობილი არ არის.

RUSTAVI