კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი

2019-11-14 17:58:16

კოსტავას გამზირზე გზის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია იწყება. 

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

პროექტი, კოსტავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად ტროტუარებისა და ველო ბილიკების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, შუა გამყოფი ზოლის სრული რეაბილიტაციაც მოხდება.

,,თუ პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ზედმიწევნით შესრულდება მაშინ რეაბილიტაცია 4-5 თვეში დასრულდება, მაგრამ თუ პროექტირების პროცესში იქნება რაიმე ცვლილება შესატანი, რომელიც გააუმჯობესებს  როგორც იერსახეს, ასევე უფრო მდგრადს გახდის საგზაო ინფრასტრუქტურას და სკვერის რეაბილიტაციას, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ვადის გაგრძელება"- რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კომპანია რუსთავის წყალი აღნიშნულ მონაკვეთზე 600 მეტრის ცენტრალურ მილს შეცვლის.

"წყალმომარაგების სრულყოფისთვის დავამონტაჟებთ 15 ახალ ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ არმატურას, სკვერში დამონტაჟდება 4 ახალი ჰიდრანტი. ძირითადი სამუშაოები დეკემბერში დასრულდება და სრულიად ახალი ქსელით 15 იანვრიდან ისარგებლებს მოსახლეობა. ჯამში საერთო ინვესტიცია 250 ათას ლარს შეადგენს"- "ინფო რუსთავთან" საუბრისას, კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ განაცხადა.

რუსთავის მერის ინფორმაციით, ჯამში სამუშაოებზე 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ქალაქის მთავარ გამზირზე სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.