პროსტიტუციის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი [video]

2019-11-08 23:49:42

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის არაერთგზის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების  სახით გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მადონა მისურაძემ მიიღო. [ვიდეო/video]

საქმეზე დაკავებულ 4 პირს გირაოს ოდენობა 5 000-5 000 ლარით განესაზღვრა, ერთ პირს კი 7 000 ლარით.

შემოწმება რუსთავის სასტუმროებში 1 ნოემბერს ჩატარდა. რუსთავის პოლიციამ 3 სასტუმრო შეამოწმა, 5 ადამიანი დააკავა და 20-მდე ქალი დაკითხა.

სასტუმრო „სელიკის“ მენეჯერი - 1971 წელს დაბადებული ხ.ბ. და სასტუმრო „თამადის“ მესაკუთრე - 1964 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1966 წელს დაბადებული დ.ხ., 1963 წელს დაბადებული დ.თ. და 1960 წელს დაბადებული ი.ჭ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დააკავეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასტუმროებში გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ნომრებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ.


RUSTAVI