რუსთაველი ახალგაზრდები პოლონეთში

2019-08-19 12:21:52

18 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ გდინიაში საერთაშორისო ახალგაზრდული ბიზნეს კვირეული „GDYNIA ADVANCED BUSINESS WEEK 2019“ გაიხსნა.

ბიზნეს კვირეულში საქართველოს დელეგაციას 5 რუსთაველი ახალგაზრდა წარმოადგენს, რომელიც ქალაქ გდინიაში საკრებულოს რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ გიგა ჯღარკავასთან ერთად იმყოფებიან.

Gdynia Business Week-ის ფარგლებში, დღეს ახალგაზრდებს ქალაქ გდინიას მერის მოადგილე ანდრეჟ ბიენს და პროექტის სხვა ორგანიზატორები შეხვდნენ.

შეხვედრისას, გდინიის მერის მოადგილემ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე გუნდებს ბიზნეს კვირეულში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული და ნაყოფიერი კვირა უსურვა.
მოგვიანებით, პროექტის ორგანიზატორებმა ახალგაზრდებს დღისა და კვირის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

Business Week ქალაქ გდინიაში აშშ-ს ორგანიზებით იმართება და პროფესიონალური ექვსდღიანი მეწარმეობის კურსია, რომელსაც უძღვებიან შეერთებული შტატების გამოცდილი ინსტრუქტორები. პროექტის განმავლობაში, მონაწილეები სხვადასხვა სიმულაციისა და კრეატიული თამაშების საშუალებით, სწავლობენ საკუთარი კომპანიის მართვის საიდუმლოებას, ივარჯიშებენ საკუთარი თავის წარმოჩენისა და ჯგუფური მუშაობის ტექნიკას,.
სემინარების წყალობით, სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინონ ახალი უნარები, რომლებიც ფასდაუდებელია პირველივე ნაბიჯების გადადგმისას ბიზნეს სამყაროში.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გდინიაში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობას კონკურსის წესით შერჩეულ 5 რუსთაველი ახალგაზრდა: გიორგი გარდავა, თიკო მაღლაფერიძე, მათე გუმბერიძე, მარიამ ქავთარაძე და მარიამ ბირთველიშვილი იღებს.


ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს