დამტვრეული ატრაქციონები რუსთავში

2019-08-13 19:15:30

ჯაჭვებდაწყვეტილი საქანელები, დამტვრეული, ბასრპირიანი პლასტმასის ჩამოსასრიალებელი, მორყეული  ძელები და ბეტონის საფარი – ადგილი, სადაც ბავშვები, გართობის ნაცვლად, შესაძლოა, დაშავდნენ. 

"ინფო რუსთავმა" რუსთავში, რამდენიმე მისამართზე ბავშვთა გასართობი ადგილები გადაიღო, სადაც კარგად ჩანს, რომ საბავშვო ატრაქციონების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და საფრთხის შემცველია.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა იგეგმება თუ არა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბავშვო ატრაქციონების აღდგენა-რეაბილიტაცია.

როგორც რუსთავის მერიაში განაცხადეს, 2019 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბავშვო გასართობი მოედნების მოვლა-პატრონობა ა(ა)იპ რუსთავის კორპუსის სამსახურს დაევალა.

"საბავშვო ატრაქციონების განახლების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. თუ ატრაქციონი იმდენად დაზიანებულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება,  საშიში და საფრთხის შემცველია, მოხდება მისი დემონტაჟი. ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრები ამ ეტაპზე 92 საბავშვო ატრაქციონია, წლის ბოლომდე 58 ერთეულს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დანარჩენისთვის კი თანხებს შემდეგი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ," – აცხადებს რუსთავის კორპუსის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ლაბაძე.

როგორც"ინფო რუსთავს" რუსთავის კორპუსის სამსახურში  განუცხადეს, რეაგირება მოსახლეობის მიმართვის საფუძველზეც ხდება.

გასართობი მოედნები რომლებიც "ინფო რუსთავმა" გადაიღო მოსახლეობის თქმით რამდენიმე თვეა დაზიანებულია.

RUSTAVI