ვინ არის ამირან ჯანჯღავას ლობისტი

2019-06-11 15:36:04

ვინ გაუხსნა პოლიტიკური ასპარეზი ამირან ჯანჯღავას  და ვინ არ მოსწონს მას საკრებულოში, ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი "ინფო რუსთავის" ჟურნალისტის სოფო ცერცვაძის საავტორო გადაცემა "ჰამაკში" საუბრობს.

კითხვაზე, არიან თუ არა ადამიანები საკრებულოში, რომლებიც მას არ მოსწონს, დეპუტატი პასუხობს, რომ: - "არიან ადამიანები, რომლებიც არ მომწონს. არ მომწონს ალბათ მათი ტაქტის, შინაგანი სიწრფელის, ემოციური მდგომარეობის, მსოფლმხედველობის გამო და არ მომწონს ალბათ იმიტომაც, რომ რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელიც საკუთარი მედან, ეგოცენტრულობიდან ვერ გამოვიდა და ვერ დაძლია შინაგანი პატარა კაცობის კომპლექსი, დარჩა პირადი მატერიალური თუ კარიერული კეთილდღეობისთვის მებრძოლ ადამიანად".

თუმცა, როგორც ამირან ჯანჯღავა აღნიშნავს, მაინც ყოველთვის ცდილობს ადამიანის დადებით მხარეს ჩაებღაუჭოს. "ვცდილობ ყვავილივით ამოვზარდო ადამიანის პოზიტიური მახასიათებლები", - აცხადებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.

გადაცემა "ჰამაკში", რომელიც ადამიანებს სხვა რაკურსით გვაცნობს, ამირან ჯანჯღავამ რამდენიმე განსაკუთრებულად საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.

არის თუ არა გიორგი ბეგაძე ამირან ჯანჯღავას ლობისტი, დეპუტატი პასუხობს, რომ: - "დიახაც, გიორგი ბეგაძემ გამიხსნა ასპარეზი პოლიტიკურ სივრცეში".

ჯანჯღავას თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდა საშუალება, რუსთავში თვითრეალიზება მოეხდინა. გადაცემის საშუალებით ამირან ჯანჯღავამ გიორგი ბეგაძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გზა გაუხსნა.

"არასდროს მომერიდება ამის ხმამაღლა თქმა და არასდროს არ დამავიწყდება მადლიერება ამ ადამიანის მიმართ, რამდენადაც რომ არა გიორგი ბეგაძე, ყოველგვარი შეფარვის გარეშე ვიტყვი, რომ ამ ქალაქში წლების განმავლობაში არ მეძლეოდა თვითგამოხატვის, თვითრეალიზების არანაირი საშუალება და დიახაც გიორგი ბეგაძე იყო ის, ვინც სწორად შენიშნა შინაგანი სიწრფელე და სურვილები, რაც ქალაქის მიმართ მაქვს და დიახაც, გიორგი ბეგაძემ გამიხსნა ასპარეზი პოლიტიკურ სივრცეში", - აცხადებს ამირან ჯანჯღავა.

RUSTAVI