"მწვანე ბარათების" გაცემის წესი მკაცრდება

2020-01-28 11:32:35

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ახალი წესი პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებზეც მთავრობა ჩათვლის, რომ დიდი ალბათობით მთავრობის შემწეობებზე იქნებიან დამოკიდებულნი. ამერიკული მედიის ცნობით, ცვლილებები შეეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ.

გადაწყვეტილებას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგ წავიდა. მანამდე მთავრობის ინიციატივა, რომელიც ძალაში 2019 წლის ოქტომბერში უნდა შესულიყო, ნიუ იორკის სასამართლომ დაბლოკა.

ახალი ინიციატივა 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში, რომლის თანახმად, აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას ე.წ. თვითკმაყოფადი იმიგრანტები შეძლებენ, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები სახელმწიფო რესურსებზე.

„საჯარო ხარჯების შესახებ დადგენილებით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს თვითკმაყოფადობისა და პერსონალური პასუხისმგებლობის იდეალებს და უზრუნველყოფს იმას, რომ იმიგრანტებს შეეძლოთ საკუთარი თავის მხარდაჭერა, რათა გახდნენ წარმატებულები აქ, ამერიკაში“, – განაცხადა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კენ კუჩინელიმ.

კუჩინელის თქმით, ახალი ინიციატივა უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ-ში ლეგალურად იცხოვრებენ ის პირები, რომლებსაც „შეუძლიათ იდგნენ საკუთარ ორ ფეხზე და რომლებიც არ იქნებიან დამოკიდებულები სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზე“.