რუსთავი-თბილისი, მგზავრობა უსაფრთხოდ და იაფად

2019-01-12 02:36:11

რუსთავი-თბილისი მგზავრობა უსაფრთხოდ და იაფად

გამარჯობა! ალბათ ჩემს მსგავსად თქვენც გაღიზიანდით, როცა 29 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც კომპანია ინტერტრანსმა რუსთავი-თბილისის მიმართულებით საახალწლო “საჩუქრის”  სახით მგზავრობის ფასი 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდა. რა თქმა უნდა ეს ამბავი პირველივე დღეს გავაპროტესტე და გადავწყვიტე მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობს მატარებელი, რომელიც ორმოცდაათ წუთში ფარავს  ორ ქალაქს შორის არსებულ მანძილს. 10 იანვარს, დილით გამოცდა მქონდა და გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა. ადრე გავიღვიძე, მოვემზადე და დილის რვა საათზე 22 ნომერ მარშუტკას გავყევი ბალანჩივაძის ქუჩამდე, სადაც რკინიგზის სადგურია განთავსებული. თავიდან კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თუმცა ნელ-ნელა იმატა და იმატა ადამიანების რაოდენობა, რამაც ძალიან გამახარა. აქვე ხაზი მინდა გავუსვა რომ გაზაფხულზე ხშირად ვსარგებლობდი მატარებლით და არასდროს მახსოვს ამდენი რუსთაველი რკინიგზის სადგურზე.


რკინიგზა რუსთავში?!

 

ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელი და სასაცილოც კი იყოს მატარებლის არსებობის ამბავი და ალბათ იკითხავთ აქვს თუ არა რუსთავს რკინიგზის სადგური?! და აქვე გეტყვით, რომ დიახ გვაქვს, თუმცა არაფრით განსხვავდება ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებ “კაცია ადამიანში” სახლ-კარის აღწერის ეპიზოდისგან. თუ რკინიგზის სადგურს ვეწვევით ყურადღებით უნდა ვიყოთ. შენობას არც კარი აქვს, არც ფანჯარა, სახურავს რაც შეეხება მისგან მხოლოდ მცირედი ნაწილებია დარჩენილი და აქ სიფრთხილე გვმართებს, შემთხვევით თავში რამე არ დაგვეცეს. იატაკი ბეტონისაა. ეს არაფერი. პრობლემა ისაა რომ სიძველისა და უპატრონობისგან ბეტონი შიგა-და-შიგ ამოტეხილია და მისი ადგილი ამოთხრილ ორმოებად არის დარჩენილი. როგორც ილია იტყოდა: “თვალებს ძალიან გაფაციცება უნდა, თორემ, თუ ფეხი შიგ ჩავარდა, ვაი შენს მტერს! ან კისერი მოსტყდება კაცსა ან თვითონვე ფეხი”. რა თქმა უნდა ბოდიშსაც არავინ მოგიხდით.

 

მოძრაობის განრიგი

 

სამწუხაროდ მატარებელი დღეში ორჯერ მოძრაობს, დილით და საღამოს, ხოლო თუ მოთხოვნა გაიზრდება იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს რკინიგზა ამას მხედველობაში მიიღებს და გაზრდის მიმოსვლის რაოდენობას და მოძრაობის განრიგს. გარდაბნიდან გამოსული მატარებელი რუსთავში 08:40 წუთზე შემოდის და კუთვნილი ადგილის დასაკავებლად სულ რაღაც 2-3 წუთი გექნებათ. აქვე  გირჩევთ, რომ რკინიგზის სადგურში ათი წუთით ადრე 08:30-ზე მიხვიდეთ. მატარებელი, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 18:55-ზე გამოდის და კარგი იქნება პირდაპირ მეორე ბაქანზე გადახვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს ბედს გაიზიარებთ და მოგიწევთ ყვითელი მარშუტკით მგზავრობა. შეიძლება ეს გრაფიკი ბევრი თქვენგანისთვის მოუხერხებელი იყოს, მაგრამ თუ ჩემს მიერ გაზიარებული ინფორმაცია თქვენთვის მისაღები და ხელსაყრელია, გილოცავთ ჩვენ ხშირად დავემგზავრებით ერთმანეთს.

 

რატომ მატარებლით?

 

დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანისთვის ე.წ ყვითელი მარშუტკით მგზავრობა დისკომფორტთან ასოცირდება. დილით და საღამოს ჩემს მსგავსად საათობით გიწევთ ტრანსოპორტის ლოდინი და თუ 21-ე მკრ-ში ცხოვრობთ შეიძლება მერიამდეც ჩასულხართ, რომ ცარიელ ტრანსპორტს გაყოლოდით. მაღალი სიჩქარე და შიში იმისა რამე ცუდი არ შეგემთხვათ. პიკის საათებში საცობში საათობით დგომა, რასაც ავტობანის სამშენებლო სამუშაოების გამო შეზღუდული მოძრაობა ემატება. გადმოსაშლელი სკამები და ფეხზე მდგომი რამდენიმე თანამოქალაქე.  ახლა რაც შეეხება მატარებელს. კომფორტს ვერ შეგპირდებით, თუმცა თავისუფალ ადგილს ყოველთვის იპოვით. ბილეთის საყიდლად 50 თეთრის გადახდა მოგიწევთ და გირჩევთ, ხურდა ყოველთვის თან იქონიოთ. ბილეთებს კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი ამოწმებს და თქვენს უსაფრთხოებაზე დაცვის პოლიცია იზრუნებს. სამწუხაროდ, ბარათით გადახდის სისტემა არ მუშაობს. თითოეულ ვაგონში ბილეთის 2 აპარატი დგას და არაფრით განსხვავდება თბილისის საზოგაებრივ ტრანსპორტში განთავსებული აპარატებისგან. გათბობა ყოველთვის ჩართულია და სიცივე არ შეგაწუხებთ. გაჩერებებს რაც შეეხება რუსთავიდან თბილისამდე დაახლოებით შვიდ გაჩერებაზე აჩერებს. თბილისში, სამგორის მეტროს სიახლოვეს ჩერდება და ბოლო გაჩერება თბილისის რკინიგზის სადგურია, სადაც სასურველი მიმართულებით გზის გაგრძელებას მეტროთი ან ავტობუსით შეძლებთ.

 

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა მგზავრობის საფასური გაიზარდა გააპროტესტეს, კომპანია ინტერტრანსს მერიასთან შეთანხმებით 2 თებერვლამდე მგზავრები ძველი ტარიფით გადაჰყავს. ამ დროის გასვლის შემდეგ საუბარი ტარიფის გაძვირებაზე კვლავ აქტუალური გახდება. ამიტომ საჭიროა ქალაქში იყოს ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც მგზავრებს კონკურენციის ფარგლებში განსხვავებული ტარიფით მოემსახურება. ისეთი სტუდენტებისთვის კი როგორიც მე ვარ აუცილებელია იაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი. დღეს, ჩემთვის ასეთი ტრანსპორტი არის მატარებელი.

 

თუ მოგეწონათ ჩემი იდეა მატარებლით მგზავრობის შესახებ მაშინ ორშაბათიდან გელოდებით რუსთავის რკინიგზის სადგურზე!

 

ეს ჩემი პირველი ბლოგია, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა. ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელიც შეგიძლიათ კომენტარების სახით გამიზიაროთ.

 

ნოდარ ლაფანაშვილის ბლოგი


 

 

 

RUSTAVI