საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა საკრებულოში ახალი ინიცირებით შევიდა. ინიციატივა უსახელო გეოგრაფიული ობიექტის/ქუჩის სახელდებას შეეხება.
დეპუტატმა ინიციატივა იმის შესახებ, რომ ქალაქში არსებულ მიკრორაიონებს, საქართველოს ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე საზოგადო მოღვაწეებისა და ეროვნული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანების სახელები დაერქვას, ჯერ კიდევ წინა წელს გამოთქვა, თუმცა ამჯერად საკითხი განსახილველად საკრებულოს კომისიის სხდომაზე მალე გადაინაცვლებს.
როგორც დეპუტატმა ამირან ჯანჯღავამ "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, საკრებულოს წევრებთან შეთანმებით უკვე რამდენიმე ვარიანტიც არსებობს იმ პიროვნებებისა, რომლთა სახელობის ქუჩაც რუსთავში ჯერ არ გვაქვს და მათი აზრით, უნდა არსებობდეს. მაგალითისთვის, გიორგი ბრწყინვალეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქუჩები.
"მიმაჩნია, რომ რუსთაველი მწერლების (ზოგადად მწერლების) პოპულარიზაცია , მათი სახელების მინიჭება ქალაქში არსებულ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტებზე, ქალაქის ახალგაზრდა თაობებში, უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის მკითხველობას, წიგნიერებას და ზოგადად ლიტერატურის სიყვარულს. ასევე, გამოვთქვამ ინიციატივას, რომ ჟ. შარტავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მიკრორაიონების სახელდება, პერიოდულად ჩანაცვლდეს, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანების სახელებით, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ისტორიული ფასეულობების მიმართ, მიკუთვნილობის განცდის გამძაფრებას და ეროვნული ღირებულებების გაძლიერებას", - აცხადებს ამირან ჯანჯღავა.
საინტერესოა რას ფიქრობს ახალ ინიცირებასთან დაკავშირებით რუსთავის მოსახლეობა. შეგიძლიათ უსახელო ობიექტის/ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში.