რუსთავის სკოლაში 15 მოსწავლე მოიწამლა [video]

2019-05-10 14:12:31

რუსთავში, #15 საჯარო სკოლაში 15-მა მოსწავლემ საკვები პროდუქტით ინტოქსიკაცია მიიღო. [ვიდეო/video]

სავარაუდოდ, მოსწავლეები მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც სკოლის კაფატერიაში შეძენილი ლობიანი ჭამეს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში #15 საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სტაციონარში გადაყვანა არც ერთ მოსწავლეს არ დასჭირდა. დირექტორის ინფორმაციით, 3 მოზარდს ინტოქსიკაციის შედარებით მკაფიო სიმპტომები აღენიშნებოდა, დანარჩენი მოსწავლეები კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს.

სკოლაში შეუძლოდ გამხდარ მოსწავლეებს შორის სხვადასხვა ასაკის მოზარდები არიან.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილიც იმყოფებოდნენ.

ბეგაშვილის თქმით, მოზარდებს ინტოქსიკაციის მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებოდათ, შესაბამისი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი თავი უკეთ იგრძნეს.

საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მოხდება სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანის ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი იმაზე საუბარი, იყო თუ არა კაფეტერიაში შეძენილი საკვები პროდუქტი #15 საჯარო სკოლაში 15 ბავშვის ერთდროულად შუძლოდ გახდომის მიზეზი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები