რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპისთვის რუსთავში 3 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა ე.წ. ჩიკაგოს სკვერისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაცია, ასევე დონეცკელ-მეტალურგთა 1 გასასვლელის #3 კორპუსთან სპორტული მოედნის მოწყობა.
ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციას კომპანია შპს "არბა" ახორციელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა დავით ხახნელიძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის ფარგლებში ჩიკაგოს სკვერის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და გამწვანების სარწყავი ქსელით მოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 2 ბავშვთა სათამშო მოედანის, სკვერის ცენტრში კი ამფითეატრისა და ფანჩატურის მოწყობა. სკვერში ასევე განთავსდება 80-მდე დეკორატიულ-მოსასვენებელი სკამი. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ჩიკაგოს სკვერის ტერიტორიაზე მდებარე სპორტული მოედანი.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 973 564 ლარს შეადგენს.
მუნიციპალური თეტრის წინ მდებარე სკვერის ტერიტორიაზე ჩიკაგოს სკვერის მსგავსად, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა სარწყავი ქსელით. ასევე პროექტით გათვალისწინებულია ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის ელ.განათების მოწყობა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 619 295 ლარს შეადგენს. ხელშეკრულებების პირობების თანახმად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.
რუსთაველების ნაწილისთვის აქტუალური კითხვაა, შეიცვლება თუ არა აღნიშნულ სკვერში არსებული სკულპტურების ლოკაცია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ. როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, სკულპტურები იმავე ლოკაციაზე დარჩება, თუმცა მათი გადაადგილება თავად პარკის შიდა ტერიტორიაზე მოხდება.
დონ. მეტალურგთა 1 გასასვლელის #3 კორუსთან ეწყობა სპორტული მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშოდ და საბავშვო მოედანი, სადაც განთავსდება ატრაქციონები და ტრენაჟორები.
ხელშეკრულების პირობების თანახმად მოედნის მოწყობა უნდა დასრულდეს 20 მაისს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 115 999 ლარს შეადგენს.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნულ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოების ტემპები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვადებში ჩამორჩენები სამუშაოების შემსრულებელ არც ერთ კომპანიას არ აქვს.